Monday, June 7, 2010

DIDUBIS GHVTISMSHOBLIS EKLESIA

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია

დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია — მდებარეობს ა. წერეთლის გამზირზე, დიდუბეში, თბილისი.

შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღმრთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა (გუმბათი 1889 წელს დასრულდა). მისი არქიტექტურა ე. წ. რუსული სტილის ნიმუშია. ინტერიერი მოიხატა 1978 წელს (ალ. ბანძელაძის მიერ). სამლოცველო ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით აიგო 1900 წელს.

ეკლესიის გვერდით არის პანთეონი, რომელშიც დაკრძალულნი არიან ისტორიკოსები პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე და მიხეილ თამარაშვილი, მწერლები და პოეტები გიორგი წერეთელი, არტურ ლაისტი, პაოლო იაშვილი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე, კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი, მხატვარი დავით კაკაბაძე და სხვანი.

No comments:

Post a Comment