Monday, June 7, 2010

IVERIIS GHVTISMSHOBLIS SAXELOBIS EKLESIA

თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია

ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია

ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია – მდებარეობს ე. მანჯგალაძის ქუჩაზე . პირველი ტაძარი XIX საუკუნის 80-აინ წლებში აიგო. 1924 წელს ეკლესია გადაკეთდა ფეხსაცმლის საამქროდ, მოგვიანებით კი მასში აბანო განათავსეს. 1988 წელს მოხდა დაზიანებული ნაგებობის დემონტაჟი და ამავე პერიოდში ახალი ეკლესიის აგებისთვის დაიწყო მზადება. 1991 წელს მის ეზოში წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის მცირე სამლოცველო აიგო. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ახლად აშენებული ტაძრის არქიტექტორია მ. კიკნაძე, ეკლესია ეკურთხა 1997 წელს. მოხატულობა შესრულდა მ. ჩაკვეტაძის მიერ.
ტაძრის აღწერა [რედაქტირება]

საკმაოდ დიდი ზომის ნაგებობა მომწვანო, კარგად გათლილი ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს. დასავლეთით კარის ლუნეტს პორტაიტისას რელიეფური გამოსახულება ამკობს, სამხრეთით კარიბჭეა მიშენებული, რომელიც ორი თაღით იხსნება. მესამე, მცირე კარიდან ჩრდილოეთ მკლავში განთავსებულ სანათლავში მოხვედრაა შესაძლებელი. ფასადები კომპოზიციის სიმეტრიული გადაწყვეტითა და ორნამენტთა სიუხვით გამოირჩევა. მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტული მოტივები ამკობს სარკმელთა საპირეებსა და ფასადებზე მოცემულ ჯვრებსაც.

2003 წელს ტაძრის ეზოში, აღმოსავლეთით, დაარსდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა.

VANQIS TADZARI


ვანქის ტაძარი მდებარეობდა ქ. თბილისში დღევანდელი კოლმეურნეობის მოედანთან. დღესდღეობით კომპლექსიდან შემორჩენილია მხოლოდ სამრეკლო, ხოლო ტაძრის ადგილას სკოლა დგას.

ECHMIADZINI


ეჩმიაძინი (თბილისი)

ეჩმიაძინი

ეჩმიაძინი ან წმ. სერგოს ეკლესია, სურფსარქის (სომხ. Էջմիածին Եկեղեցի) —სომხური ეკლესია დგას ისანში, ქეთევან წამებულის მოედნის დასავლეთით. 1806-08 წლებში ისანში დასახლებულმა, ეჩმიაძინიდან ლტოლვილმა სომხებმა აქ პატარა დარბაზული ეკლესია ააშენეს. 1846 წელს ის გაფართოვდა და "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ეკლესიად გადაკეთდა.

შენობა აგურისაა. ის ძირითადად იმეორებს შუა საუკუნეების ქართული და სომხური ეკლესიების სტრუქტურას, თუმცა ფასადთა გაფორმებაში და ინტერიერის ცალკეული ფორმების დამუშავებაში ჩანს კლასიციზმის გავლენაც. ოთხი მრგვალი გუმბათქვეშა ბურჯი კანელიურებით არის დაღარული. შიგნით შენობა მთლიანად შელესილია. გუმბათის ნახევარსფეროსა და აფრების მოხატურლობა შესრულებულია XIX ს-ის II ნახევარში.

ეკლესიის აღმოსავლეთ სკვერში დგას ქვაჯვარი, რომელიც სომეხმა ერმა მიუძღვნა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

EVSTATI MCXETELIS EKLESIA





ევსტათი მცხეთელის ეკლესია

ევსტათე მცხეთელის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ააგეს თამარ მეფის დროინდელი მცირე ეკლესიის ნანგრევებზე. იდგა ყორღანოვის ქუჩაზე - დღევანდელი გიორგის ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაია). 1923 წელს გადააკეთეს საცხოვრებელ სახლად. ერთ-ერთ პირველ მოსახლედ ნაეკლესიარ სახლში კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე შეასახლეს.. ამჟამად უმოქმედოა.

DIDUBIS GHVTISMSHOBLIS EKLESIA

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია

დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია — მდებარეობს ა. წერეთლის გამზირზე, დიდუბეში, თბილისი.

შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღმრთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა (გუმბათი 1889 წელს დასრულდა). მისი არქიტექტურა ე. წ. რუსული სტილის ნიმუშია. ინტერიერი მოიხატა 1978 წელს (ალ. ბანძელაძის მიერ). სამლოცველო ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით აიგო 1900 წელს.

ეკლესიის გვერდით არის პანთეონი, რომელშიც დაკრძალულნი არიან ისტორიკოსები პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე და მიხეილ თამარაშვილი, მწერლები და პოეტები გიორგი წერეთელი, არტურ ლაისტი, პაოლო იაშვილი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე, კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი, მხატვარი დავით კაკაბაძე და სხვანი.

BETLEMI


ბეთლემი (თბილისი)

ბეთლემი, გვიანდელი ფეთხაინი, ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველესი მიკროუბანი. მდებარეობს ქვემო კალაში, სოლოლაკის ქედის ფერდობზე. კლდოვანი რელიეფის გამო ამ ტერიტორიას კლდისუბანსაც უწოდებენ. ბეთლემის მიკროუბანი მოქცეულია დღევანდელი ლ. ასათიანის, ბეთლემის, გომის ქუჩებს, ზემო ბეთლემის ეკლესიასა და ბეთლემის კიბეს შორის.

უბანს სახელი ეწოდა აქ მდებარე ბეთლემის (ზემო ბეთლემის) ეკლესიის, თვით ეკლესიას კი — ქრისტიანთა წმინდა ადგილის (ბეთლემი, პალესტინა) მიხედვით. გადმოცემით, ამ ადგილზე პირველი ეკლესია V ს. ბოლოს მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო. აქვე ყოფილან დაკრძალულნი მისი დედა და და.ზემო ბეთლემის (თავდაპირველად ბეთლემი, შემდეგ ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ტაძარი (ბეთლემის აღმ. № 15) XVIII-XIX სს. სახით არის მოღწეული. ამ ადგილას ღვთისმშობლის ეკლესია თბილისელ სომხებს XV ს.-ში აუგიათ. XVIII ს.-ში ეკლესია საფუძვლიანად განაახლეს. ეკლესიის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი შესაწირი 1740-იან წწ. გივი ამილახვარმაც გაიღო. ეკლესიას სომხები ფლობდნენ, თუმცა მას ქართველებიც წმინდა ადგილად თვლიდნენ და ამიტომ ქართული მრევლიც ჰყავდა. 1884 წ. ეკლესია კაპიტალურად შეაკეთეს, განაახლეს ფასადი და აღმართეს ახალი გუმბათი. საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ მოქმედებდა. 1994 წ. გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში და მაცხოვრის შობის სახელზე ეკურთხა.

ეკლესია „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ნაგებობაა და ქვით მოპირკეთებული აგურის სუბსტრუქციაზეა აღმართული. გუმბათი აბსიდის შვერილებსა და ორ ბურჯს ეყრდნობა. მკვეთრად წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში ბურჯების კიდევ ერთი წყვილია. ეკლესიაში ორი შესასვლელია: ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ჩრდილოეთის კარისკენ სუბსტრუქციაზე მიშენებული კიბე მიემართებოდა, მაგრამ დღეს იგი მონგრეულია და ამიტომ მოქმედი მხოლოდ დასავლეთის კარია. აგურით ნაგები ეკლესიის ფასადებზე XIX საუკუნის რესტავრაციის შემდეგ ქვის კვადრები გაჩნდა. ყვითელი ქვის პერანგითაა შემოსილი აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადები, გუმბათი. კარნიზები ქვისაა; შერეული წყობაა სამხრეთ ფასადზეც.

ტაძრის ფასადებიდან ყველაზე მეტად ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხარეები გამოიყოფა. ჩრდილოეთით ზოგიერთ სარკმელს დაბალ რელიეფში შესრულებული ორნამენტული საპირე შემოუყვება, აქვე მოცემულია სერაფიმთა რელიეფური გამოსახულებები. გუმბათზე, ამავე მხარეს, მიჯაჭვული ლომის გორელიეფური ფიგურაა მოცემული. აღმოსავლეთით საკურთხევლის სარკმელს ჩუქურთმიანი საპირე შემოუყვება, მის ქვემოთ კი სწორკუთხა შეღრმავებაში ასევე ორნამენტით შემკული ლილვი გამოიყოფა. პასტოფორიუმების სარკმლების საპირეები სადაა, თუმცა მათ ქვემოთ განედლებული ჯვრის გამოსახულებიანი ფილებია ჩასმული. ასეთივე ჯვარია მოცემული ფრონტონის კეხის ქვეშაც. შედარებით სადადაა გადაწყვეტილი დასავლეთ ფასადი. ფრონტონთან აგურის წყობის ჩაღრმავებით ჯვარია გამოყვანილი. სამხრეთის-კლდის მომიჯნავე ფასადი სრულიად შეუმკობია. ყრუ კედელზე ერთადერთი სარკმლის ღიობი აღმოსავლეთითაა გაჭრილი. ეზოში, აღმოსავლეთ კუთხეში XVII საუკუნის, თაღებით გახსნილი სამრეკლო დგას. პირველი ორი სართული აგურისაა, მესამე ქვისაა და ახლად დაშენებული.

ANCHISXATI


ანჩისხატი

ანჩისხატის ეკლესია

ანჩის მაცხოვრის ხატი, ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეეუმში.

ანჩისხატი, VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში. იგი უნდა იყოს "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული დაჩი უჯარმელის მეფობაში.

ანჩისხატის ეკლესია, 1890 წელი

ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. აფსიდი, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა (ნაცვლად ახლანდელი ორისა). ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი გადმოასვენეს (ამჯამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ანჩისხატის ისტორია აგებიდან XVII საუკუნამდე უცნობია. 1675 დომენტი III კათოლიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო. 1683 ეკლესია მოხატეს ნიკოლოზ კათოლიკოსის თაოსნობით. ერეკლე II-ის მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს, 1814 ხელმეორედ მოხატეს. იმავე საუკუნის 70-იან წლებში დააშენეს ყალბი გუმბათი და მიადგეს მრავალსართულიანი სამრეკლო. 1958-1964 სარემონრო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები. ძეგლი ნაწილობრივ გათავისუფლდა დანამატებისაგან - მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX საუკუნის მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე) და შენობას დაახლოებით ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორც მას XVII საუკუნეში ჰქონდა.

TBILISIS EKLESIEBI______აბო თბილელის ნიში


აბო თბილელის ნიში. წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძარი

მისამართი: მეტეხის აღმართი. მეტეხის ეკლესიის ქვემოთ კლდეზე.

ისტორია: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით რამოდენიმე წლის წინ გადაწყდა მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ, წმიდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. 1994 წლიდან არქიტექტორ რევაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში დაიწყო ეკლესიის პროექტზე მუშაობა. პროექტზე მუშაობისას და წმინდა ნიშის მხატვრული იერსახისა და მისი მდებარეობის დადგენის შესახებ ძველი მასალების მოძიებისას (საარქივო მასალები მოიძია საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თანამშრომელმა ია გორგიშელმა), კლდის კიდეზე, მტკვრის პირას კლდეს „შეჭიდებულმა“ მცირე ზომის აგურის წყობამ მიიპყრო ყურადღება. ძველი თბილისის თანამედროვე მკვლევარების აზრით, წმიდა აბო თბილელის ნიში მთლიანად განადგურდა ახალი ხიდის მშენებლობისას. 1951 წელს სამლოცველო მიმდებარე კლდის დიდ ნაწილთან ერთად ააფეთქეს. აქედან გამომდინარე არქეოლოგიური გათხრების ჩატარება აზრს მოკლებული იყო. ამიტომ ადგილი მომავალი ტაძრისათვის მიახლოებით განისაზღვრებოდა. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიკვლეულ იქნა მეტეხის პლატოზე მეფის რუსეთის მიერ აშენებული ციხის ადრეული მაკეტი, რომელზეც საგანგებოდ არის აღნიშნული აბო თბილელის ნიში (პორტიკი). ამას თან დაერთო ერმაკოვის ფოტოზე - „მეტეხის ხიდი“, აბო თბილელის ნიშის მიკვლევა. მაკეტზე და თვით ადგილზეც გადაზომვების შედეგად, ასევე მოძიებული ფოტო-საარქივო ტოპოგრაფიული მასალების შეჯერებით დადგინდა, რომ ის აგურის წყობა, რომელიც მეტეხის კლდის ძირზე იყო შეზრდილი, ძველი, XIX ს-ში აგებული სამლოცველოს ნაწილი შეიძლება ყოფილიყო. მოგვიანებით საისტორიო არქივში მიკვლეულ იქნა წმიდა აბო თბილელის ნიშის გეგმა, რომლის აგებაც სურდათ ამ წმინდა ადგილზე.

1994 წელს, 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს დაიწყო მომავალი ტაძრის მშენებლობისათვის ადგილის გაწმენდის სამუშაოები. ტერიტორია გასუფთავდა 3-4 მეტრის სიმაღლის ნაყარი მიწისაგან. შემდგომმა სამუშაოებმა მთლიანად წარმოაჩინა ნიში-პორტიკი, რომელსაც ზედა ნაწილი მონგრეული ჰქონდა. კერძოდ, ორი სვეტის ნანგრევი ბაზისებითურთ და სვეტებს შორის ჩადგმული წითელი მართკუთხა ზომის ტუფის ქვა. მოგვიანებით, სისხლისფერი ქვის ქვედა დონეზე აღმოჩნდა იმავე ზომის სწორკუთხა ქვა და მის გვერდით მცირე ზომის ქვები. იქვე ახლოს წარმოჩნდა მოწამეთა ხიდის ბურჯი. აქვე მოხდა ერთი მეტად ღირსშესანიშნავი მოვლენა. წმიდა აბოს ნიშის მიწაყრილით დაფარულ ტერიტორიაზე მოჭრეს მომცრო ნაძვის ხე. თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში ნაძვის მორი გადახერხეს და გადანაჭერზე ჯვრის გამოსახულება აღმოჩნდა. ქართულმა ეკლესიამ იგი ჭეშმარიტ ხელთუქმნელ ჯვრად, ღვთის ნებით მოხდენილ სასწაულად აღიარა. ამჟამად ჯვარი კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაშია დაცული.

1995 წლის 21 იანვარს, წმიდა აბო თბილელის ხსენების დღეს, სამარტვილესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II პარაკლისი გადაიხადა. 1996 წლის 21 იანვარს, წირვის შემდეგ, სიონის ტაძრიდან კათოლიკოს-პატრიარქი თბილისის სამღვდელოებასთან ერთად წმიდა აბოს ნიშისაკენ გაემართა. ამავე დროს კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სამღვდელოებამ და მრევლმა გაიარა 1900 წელს კირიონის მიერ განვლილი გზა აბოს ნიშამდე. მსვლელობას წინ უძღოდა ლაშა კინწურაშვილის მიერ შექმნილი წმიდა აბო თბილელის ხატი. ნიშთან კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.

1996 წელს, 17 მარტს, ჯვრის თაყვანისცემის დიდი დღესასწაულის დღეს იკურთხა წმიდა აბო თბილელის ტაძრის საძირკველი. კურთხევა აღასრულა კრწანისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ.

არქიტექტურა: წმიდა აბო თბილელის მომავალი ტაძარი წარმოადგენს მცირე ზომის ორნავიანი ტიპის ბაზილიკას (დაახლ. 5x7). ორივე ნავის გადახურვა ცალფერდაა. ტაძარი კლდეს უერთდება და ბუნებრივად გადაიზრდება მასში.

წმიდა აბო თბილელის მშენებლობა მიმდინარეობს. ტაძარი შენდება დიდი კვადრებით, კირის დუღაბით. აშენებენ სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მოქანდაკეები - ვახტანგ ბოჭორიშვილი, ზაზა ფანცულაია, დავით გომართელი და გიორგი ხელაძე. მშენებლობას აფინანსებს დვალიშვილების ოჯახი და მათთან ერთად მორწმუნე მრევლის წარმომადგენლები.

SPORTI


ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქალაქის მსგავსად, აზიური კულტური გავლენით, თბილისს ისტორიულად ქალაქის ცალკეული უბნები ჰქონდა გამოყოფილი სპორტული ასპარეზობებისთვის. თანამედროვე საბურთალოსა და დიდუბის ტერიტორიებზე ადრე სპეციალური შეჯიბრებები ტარდებოდა. განსაკუთრებით პოპულარული სახეობები თბილისში ცხენბურთი, ჭიდაობა და ფარიკაობა იყო. სოციალურად და ეკონომიკურად დასავლეთთან ინტეგრაციასთან ერთად თბილისში ევროპული სპორტის სახეობებიც ხდება პოპულარული XIX საუკუნეში. XX საუკუნეში აქ უკვე დომინირებს ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი. 1978 წლისთვის თბილისს უკვე 250-მდე დიდი თუ მცირე სასპორტო დარბაზი თუ დაწესებულება ჰქონდა, მათ შორის ოთხი დახურული და ექვსი ღია ოლიმპიური საცურაო აუზი, 185 საკალათბურთო მოედანი და დარბაზი, 192 ხელბურთის მოედანი, 19 ჩოგბურთის კორტი, 31 ფეხბურთის მოედანი და ხუთი სტადიონი. ამჟამად თბილისში უდიდესია ბორის პაიჭაძის სტადიონი (55 ათას მაყურებელზე) და მიხეილ მესხის სტადიონი (24 680 მაყურებელზე). სპორტის სასახლე, სადაც ჩვეულებრივ საკალათბურთო ტურნირები ტარდება, 11 ათას მაყურებელს იტევს. ვერის საკალათბურთო დარბაზი 2500 მაყურებელზე გათვლილი.

ამჟამად თბილისში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი და ჭიდაობა. ასევე პოპულარულია ჩოგბურთი, ცურვა და წყალბურთი. თბილისს რამდენიმე პროფესიონალური საფეხბურთო და რაგბის გუნდი ჰყავს. NBA-ს მოთამაშეები ზაზა ფაჩულია და ნიკოლოზ ცქიტიშვილი თბილისელები არიან.

თბილისის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთის გუნდი დინამო თბილისი 1981 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ევროპის თასის მფლობელთა თასის გათამაშებაზე. საკალათბურთო გუნდი "დინამო" ასევე ევროლიგის ჩემპიონი გახდა 1962 წელს.

RELIGIA


ქალაქის მოსახლეობის 85% ქრისტიანია, მათგან უმეტესობა მართლმადიდებელია[8]. მნიშვნელოვანი რაოდენობის მიმდევრები ჰყავს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას. კათოლიკები, ლუთერანები, ბაპტისტები და სხვა ქრისტიანული დენომინაციები უმცირესობას წარმოადგენს. მოსახლეობის დიდი უმცირესობა ისლამს მისდევს (8%). თბილისელთა დაახლ. 2% იუდეველია. ქალაქში დაახლოებით 20-30 ათ. ქურთი ცხოვრობს, რომელტა 61% იეზიდია. ქალაქი ისტორიულად ცნობილი იყო რელიგიური ტოლერანტობით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძველ თბილისში სხვადასხვა სარწმუნოების ტაძრებისა თუ სამლოცველოების სიუხვით.

TEATREBI

თბილისი რესპუბლიკის უდიდესი თეატრალური ცენტრია. აქ არის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრები, ა. გრიბოედოვის სახ. რუსული და ს. შაუმიანის სახ. სომხური დრამატული თეატრები, ვ. აბაშიძის მუს. კომედიის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები, მეტეხის ახალგაზრდული თეატრი-სტუდია, თოჯინების ქართული და რუს. თეატრები, მინიატურების სახელმწიფო თეატრი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნო, პანტონიმის თეატრი, ცირკი, ფილარმონია, კინოსტუდია „ქართული ფილმი“; საქართველოს თეატრალური საზოგადოება, საქართველოს კომპოზიტორთა, მხატვართა და არქიტექტორთა კავშირები.

MUZEOMEBI


1979-თვის თბილისში იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, მისი ფილიალი საქართველოს ხალხთა მეგობრობის მუზეუმი; საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, მისი ფილიალები: მ. თოიძის, ე. ახვლედიანის, ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმები; საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი. მისი ფილიალები: უ. ჩხეიძის, მ. ჭიაურელის, თ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები; თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; ავლაბრის სტამბა; საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; ქართული ხალხური ხუროთმოძრვრებისა და ყოფის მუზეუმი; გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი; ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი; ბავშვტა სათამაშოების მუზეუმი; სურათების სახელმწიფო გალერეა; ბავშვთა სურათების გალერეა; ი. ჭავჭვაძის, ზ. ფალიაშვილის, ი. გამრეკელის, ა. ხორავას სახლ-მუზეუმები და სხვა.

MECNIEREBA

თბილისში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა თსუ-ში, შემდეგ უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მას შემდეგ, რაც დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (1941). თუ 1941 წლისთვის თბილისში სულ იყო 42 სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება (უმაღლესი სასწავლებლების ცათვლით), სადაც მუშაობდა 4,3 ათ. მეცნიერ-მუშაკი, 1979 თბილისში, აკადემიის სისტემის 32 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გარდა, იყო საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების 9 ფილიალი, 60-მდე სხვადასხვა საპროექტო და უწყებრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სულ თბილისში მუშაობდა 20,8 ათ. მეცნიერი მუშაკი, მ. შ. 1167 მეცნიერებათა დოქტორი და 6584 მეცნიერებათა კანდიდატი.

1979 წელს თბილისში იყო 107 მასობრივი ბიბლიოთეკა (3047,9 ათ. წიგნი და ჟურნალი), 100 სამეცნიერო ბიბლიოთეკა (14845 ათ. წიგნი და ჟურნალი), უმაღლესი სასწავლებლების 11 ბიბლიოთეკა (6592 ათ. წიგნი და ჟურნალი), ცენტრალური და ადგილობრივი დაწესებულებებისა და ორგანოების 54 ბიბლიოთეკა (1148 ათ. წიგნი და ჟურნალი).

KONSERVATORIA


ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (მისამართი: ალ. გრიბოედოვის ქ. #8) საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.ყოფილი მუსიკალური სასწავლებლის შენობა 1901-04 წლებში აშენდა არქიტექტორ ალექსანდრ შიმკევიჩის პროექტით. შენობის ფასადზე არაცენტრალურად მოთავსებული, კოლონებით მონიშნული პორტალი და მის ზემოთ მდებარე გიგანტური ბრტყელი პილასტრები შოთა რუსთაველის გამზირიდან ამავალი მ. ლაღიძის ქუჩის პერსპექტივას ასრულებს. ნაგებობა ეკლექტური სტილისაა: ფასადის გაფორმებაში რენესანსულ-ბაროკული არქიტექტურის ელემენტებია გამოყენებული, ინტერიერის მორთულობა მოდერნის ნიშნებს შეიცავს.

შენობამ მრავალი ცვლილება განიცადა: 1942 წელს ორსართულიან ნაგებობას კიდევ ორი სართული დააშენეს, რამაც უხვად მორთული ანტაბლემენტი იმსხვერპლა. 1937-42 წლებში აშენდა დიდი საკონცერტო დარბაზი. 1930-იან წლებშივე შენობის გვერდით ფასადზე მოათავსეს ანტონ რუბინშტეინის ქანდაკება, მუსიკოსისა, რომელმაც 1891 წლის 24 აგვისტოს გამართული კონცერტის მთელი შემოსავალი თბილისის მუსიკალური სასწავლებლის აგებას მოახმარა.სხვადასხვა წლებში თბილისის კონსერვატორიას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქართველი და რუსი მუსიკოსები, მათ შორის ნ. ნიკოლაევი, ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლები ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი, შემდგომში - გამოჩენილი კომპოზიტორები გრ. კილაძე, ი. ტუსკია, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, ნ. გაბუნია. ამჟამად კონსერვატორიას სათავეში უდგას პიანისტი და მუსიკალური საზოგადო მოღვაწე მ. დოიჯაშვილი.

თბილისის კონსერვატორიის დაარსებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან წინ ინტენსიური მუსიკალური ცხოვრება უძღოდა - ქართული საზოგადოება ეზიარა საოპერო ხელოვნებას, დასავლეთ ევროპულ და რუსულ კლასიკურ მუსიკას, გავრცელდა მუსიკალური განათლება, გაჩნდა ეროვნული მუსიკალური კადრების აღზრდის აუცილებლობა. თბილისის კონსერვატორია დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე, რომლისთვის სახსრების შეგროვება 1891 წელს ა. რუბინშტეინის საქველმოქმედო კონცერტით დაიწყო. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, როგორც აკადემიური სამუსიკო უმაღლესი სასწავლებლის ჩამოყალიბება მოხდა პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიებთან მჭიდრო შემოქმედებითი კავშირის შედეგად. მისი პროფესორ-მასწავლებლების პირველი თაობა სწორედ ამ კონსერვატორიების აღზრდილი რუსი და ქართველი მუსიკოსები იყვნენ. თანდათან კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებელთა რიგები ქართველი მუსიკოსებით შეივსო.

არსებობის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი, მათ შორის ქართველ კომპოზიტორთა მთელი თაობა. განსაკუთრებით მაღალი დონე გამოარჩევს ქართულ საშემსრულებლო სკოლას, რომელთა სახელები გასცდა საქართველოს ფარგლებს. ძალზედ დიდია პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებულ სტუდენტთა თუ კურსდამთავრებულთა სია.

თავდაპირველად კონსერვატორია წარმოადგენდა 4-წლიან სასწავლებელს და 2-წლიან უმაღლეს სამუსიკო სკოლას. 30-იანი წლებიდან უმაღლესი განათლების საბჭოური სისტემის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა 5-წლიანი სწავლება. 90-იანი წლებიდან კონსერვატორია გადავიდა უმაღლესი სამუსიკო განათლების ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი - 4 წელი, მაგისტრატურა - 2 წელი). ქ. ქუთაისში ფუნქციონირებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფილიალი.

ამჟამად კონსერვატორია აერთიანებს 18 საშემსრულებლო, საკომპოზიტორო და სამუსიკისმცოდნეო კათედრებს, ძველი ქართული საერო და სასულიერო მუსიკის ლაბორატორიას, პედაგოგიური პრაქტიკის სექტორს, საშემსრულებლო პრაქტიკის სექტორს, საოპერო სტუდიას, ბიბლიოთეკას, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. გარდა ამისა, კონსერვატორიასთან არსებობს ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა.

უმაღლესი სამუსიკო განათლების თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინება და პედაგოგიური გამოცდილების საუკეთესო ტრადიციების განვითარება ზრდის თბილისის კონსერვატორიის პრესტიჟს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც და ხელს უწყობს მის ორგანულ ჩართვას მუსიკალური აღზრდის საერთაშორისო სისტემაში. კონსერვატორიაში ეწყობა სხვადასხვა სახის მუსიკალური ფორუმები, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსები, მასტერკლასები, თემატური საღამოები თუ საკონცერტო ციკლები, ხორციელდება საოპერო დადგმები სტუდენტთა ძალებით. კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სცენაზე ფეხი აიდგეს ზ. ანჯაფარიძემ, პ. ბურჭულაძემ, ი. ალიბეგაშვილმა და მრავალმა სხვა, დღეს მსოფლიოში აღიარებულმა მომღერალმა.

დაარსების დღიდან კონსერვატორია საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. მცირე საკონცერტო დარბაზის გარდა, რომელმაც ფუნქციონირება 1904 წლიდან დაიწყო, 1941 წელს აშენდა დიდი საკონცერტო დარბაზი. როგორც არქიტექტურული ძეგლი, ის შესულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში (არქ. შ. თავაძე). სხვადასხვა წლებში კონსერვატორიაში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები. 20-30-იან წლებში - ა. გოროვიცი, ე. პეტრი, დ. შტიდრი, ო. რიდი. მოგვიანებით ხშირი იყო გამოჩენილ საბჭოთა შემსრულებელთა - ს. რიხტერის, დ. ოისტრახის, ე. გილელსის, ს. როსტროპოვიჩის კონცერტები. 60-იანი წლებიდან, პოლიტიკური დათბობის პირობებში, აღდგა უცხოელი მუსიკოსების გამოსვლების ტრადიცია. დარბაზს ამშვენებს “Alexander Schuke”-ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი ორგანი, რომლის კურთხევაც მოხდა 1964 წელს. 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ათი წლით შეწყდა დიდი დარბაზის ფუნქციონირება. მისი ახლანდელი სამხატვრო ხელმძღვანელის და გენერალური დირექტორის, მ. დოიჯაშვილის ინიციატივით 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო დარბაზის აღდგენა-რეკონსტრუქცია. 1997 წლიდან იგი კვლავ იქცა დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელსაც გააჩნია საკუთარი ციფრული ხმის ჩამწერი სტუდია, მოძრავი სცენა, საორკესტრო ორმო და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს და ამავე დროს სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა.

SAMXATVRO AKADEMIA


სასახლე XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს აშენდა არქიტექტორ გრიგორი ივანოვის პროექტით. 1869-1886 წლებში ამ სახლში "საარტისტო წრე" იყო მოთავსებული. სამხატვრო აკადემია ამ შენობაში 1922 წლიდან გადმოვიდა.

არქიტექტურული მორთულობით ნაგებობა XIX ს-ის თბილისური სასახლეების ტრადიციას მისდევს: სამსართულიანი ფასადი ევროპულია, ინტერიერში კი გვიანირანული დეკორია გამოყენებული (სტუკოს ორნამენტები სარკეებიან ფონზე, სპარსულწარწერიანი მედალიონები, სტალაქტიტური ფრიზები, მუშარაბიანი ღიობები). ეზოსკენ თბილისური, ხის გადახურული შეკიდული აივნებია მიმართული.

1902 წელს შენობის მარცხენა ნაწილი (იგი ამ დროს უკვე ქობულაშვილებს ეკუთვნოდათ) გადაკეთდა არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილის პროექტით, რომელმაც შეინარჩუნა რა ღიობთა ფორმა, ფასადი ბაროკოსა და როკოკოს ელემენტებით მორთო (ნაძერწი ნიჟარები, გირლანდები, ნიღბები, ქალის თავის გამოსახულებები, :მაღალი"კრონშტეინები და სხვ.).

ადრე სასახლეს ჩრდილოეთით წმ. გიორგის სახელობის კარის ეკლესიაც ჰქონდა.

SAQARTVELOS TEQNIKURI UNIVERSITETI

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუ (ყოფილი ლენინის სახ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) — უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური (საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის) უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში; მდებარეობს თბილისში. უნივერსიტეტი, როგორც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი, ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია არჩილ ფრანგიშვილი.

უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით, რომელსაც 1928 წელს შეუერთდა (1917 წელს დაარსებული) თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგში, 1936 წლიდან — როგორც საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1948 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1990 წლის 6 იანვრიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 8 ფაკულტეტი და 28 დეპარტამენტი, ყოველწლიურად 12000-მდე სტუდენტი, 1500 პროფესორ-მასწავლებელი და საშტატო მოსამსახურე ჰყავს. სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანია, მოიცავს რა 1,697,590 წიგნს, რომელთა შორის მრავალი უნიკალური და იშვიათი ეგზემპლარია, და 5.000.000-ზე მეტ პერიოდულ გამოცემას.

TBILISIS QALTA UMAGLESI KURSEBI

თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები, უმაღლესი სასწავლებელი ოქტომბრის რევოლუციამდელ საქართველოში. გაიხსნა 1909 წელს ქალთა ერთი ჯგუფის კერძო ინიციატივით. კურსებზე 2 განყოფილება იყო: ისტორიულ-ფილოლოგიური და საბუნებისმეტყველო; სწავლების ვადა 3 წელი. 1912 წელს განყოფილებები ფაკულტეტებად გადაკეთდა, სწავლების ხანგრძლივობა ერთი წლით გადიდდა. 1916 წელს ჩამოყალიბდა სამედიცინო ფაკულტეტი. ისწავლებოდა 10 ენა (მ. შ. არც ქართული, არც სომხური და აზერბაიჯანული), ძველი ქართული ლიტერატურა ისწავლებოდა როგორც ფაკულტატიური საგანი სწავლების შინაარსი მოწყვეტილი იყო ამიერკავკასიის საზოგადოებრივ ცხოვრების საჭიროებას. თბილისის ქალთა უმაღლესი კურსებზე ყოველწლიურად 100-მდე მსმენელს იღებდნენ, სწავლების კურსს ამთავრებდა მხოლოდ 10-15. მსმენელითა დაბალი აკადემიური წარმატების მიზეზი იყო სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისა და საყოფაცხოვრებო პირობების მოუწესრიგებლობა.

TBILISIS SAMASWAVLEBLO SKOLA

თბილისის სამასწავლებლო სკოლა, საოსტატო ინსტიტუტი, პირველი პედაგოგიური სასწავლებელი საქართველოში. გაიხსნა 1866. თავდაპირველად სამი კლასისაგან შედგებოდა, იღებდნენ დაწყებით სკოლადამთავრებულებს, 1871 წლიდან საოსტატო-სამასწავლებლო ინსტიტუტად გადაკეთდა და ალექსანდრე II-ის სახელი ეწოდა. ამზადებდნენ მასწავლებლად ამიერკავკასიის საქალაქო (შემდგომში - უმაღლესი დაწყებითი) სასწავლებლებისათვის.

სწავლება 4-წლიანი იყო, რუსულ ენაზე. ასწავლიდნენ საღვთო სჯულს, პედაგოგიკას, რუსულ ენას, გეოგრაფიას, ისტორია, არითმეტიკა-გეომეტრია-ხაზვას, ბუნებისმეტყველებას, ჰიგიენასა და პოპულარულ მედიცინას, სუფთა წერას, გალობას, აგრეთვე ტანვარჯიშსა და ხელგართჯილობას. ქართული ენა არასავალდებულო საგანი იყო და კვირაში 4 საათი ეთმობოდა. 1901 წელს აქ ირიცხებოდა 84 მოსწავლე. სკოლა ყოველწლიურად საშუალოდ შვებდა 14-15 მასწავლებელს. თბილისის სამასწავლებლო სკოლაა 1919 წლამდე იარსება. ამავე წელს გადაკეთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპედაგოგო ინსტიტუტად (თბილისის პედაგოგიური (საპედაგოგიო) ინსტიტუტი), რომელმაც 1923 წლის ივლისამდე იარსება.

TBILISIS QALTA PIRVELI TANRIGIR SASWAVLEBELI

თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, ქალთა პირველი ღია პედაგოგიური სასწავლებელი ამიერკავკასიაში (სასწავლებელი ოლღას სახელობისა იყო); დაარსდა 1865 წელს, იღებდნენ 8-18 წლის ასაკის გოგონებს, რომლებსაც საშინაო და დაწყებითი კლასების მასწავლებლად ამზადებდნენ.

სწავლების კურსი 3-საფეხურიანი იყო: ელემენტარული I-II კლასი, ზოგადი განათლების III-IV კლასი, სპეციალურ-პედაგოგიური - V-VI კლასი. სწავლება ფასიანი იყო (წელიწადში 200 მანეთამდე), არასავალდებულო საგნების (გერმანული, ფრანგული, სომხური, აზერბაიჯანული ენები, ცეკვა, მუსიკა) შესწავლისათვის ქირას დამატებით იხდიდნენ.

უკანასკნელი კლასის მოსწავლეები დაწყებით კლასებში გადიოდნენ პედაგოგიურ პრაქტიკას და საცდელი გაკვეთილების წარმატებით ჩატარებისა და გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდეგ საშინაო მასწავლებლის წოდებას ღებულობდნენ. 1870 წელს სასწავლებელს დაემატა VII (დამატებითი) პედაგოგიური კლასი და გადაკეთდა ქალთა პირველ გიმნაზიად. 1873 წელს გიმნაზიასთან დაარსდა პროგიმნაზია. ამ სასწავლებელში პედაგოგიკის წლების მანძილზე ასწავლიდა ლ. ლოძალევსკი (კ. უშინსკის მოწაფე). კურსდამთავრებულები იღებდნენ საშუალო განათლებას, მაგრამ უნივერსიტეტში შესვლის უფლება არ ეძლეოდათ.

XX SAUKUNE


XX საუკუნის დამდეგისათვის მთელ საქართველოში და, კერძოდ, თბილისში რამდენადმე გაიზარდა სკოლების ქსელი, მაგრამ სახალხო განათლების საქმე მაინც ჩამორჩენილი იყო. 1905—1907 წლებში გახშირდა მოსწავლეთა გაფიცვები და პოლიტიკური გამოსვლები. რევოლუციის შემდგომ პერიოდში სტოლიპინის რეაქცია სახლხო განათლების საქმესაც შეეხო, მაგრამ მას წინააღმდეგობას უწევდა პროგრელუსი მასწავლებლობა და მოსწავლე ახალგაზრდობა.

1909 წელს გაიხსნა თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები. 1915—1916-თვის თბილისში იყო ვაჟთა 7 გიმნაზია, 1 რეალური სასწავლებელი, 2 კომერჩიული სასწავლებელი, ქალთა 6 გიმნაზია, წმ. ნინოს სასწავლებელი, ქალთა ეპარქიული სასწავლებელი, კადეტთა კორპუსი, იუნკერთა სასწავლებელი, 2 სასულიერო სემინარია, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, ქალთა კომერციული სასწავლებელი, ქალთა და ვაჟთა პანსიონები და სხვა. 1917 წელს გაიხსნა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), 1918 — თბილისის უნივერსიტეტი (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

თბილისელი მუზიკანტები

თბილისში არსებობდა რამდენიმე კერძო საბავშვო ბაღი (პირველი გაიხსნა 1859, მეორე — 1865 და სხვა.). საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიქმნა სახელმწიფო საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების ქსელი, რომელიც გამუდმებით ფართოვდებოდა. 1921—1931 წლებში თბილისში გაიხსნა 140-მდე ახალი სკოლა (მ. შ. 4-წლიანი დაწყებითი, 7-წლიანი შრომის სკოლები, 9-წლიანი შრომის სკოლები სხვადასხვა სპეციალობით და 3-4 წლიანი ტექნიკუმები). 1923/1924 სასწავლო წელს თბილისში იყო 6 უმაღლესი სასწავლებელი (თსუ, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პედაგოგიური ინსტიტუტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი).

XIX SAUKUNE


XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში აღმავლობის პერიოდი დადგა. 20-40-იან წლებში აქ მოღვაწეობდნენ ქართველი რომანტიკოსები (ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი და სხვა). 40-იან წლებიდან საფუძველი ჩაეყარა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს (გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი, დ. ჭონქაძე და სხვა); 60-იან წლებში ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდნენ „თერგდალეულები“ (ი. ჭავჭვაძე, ა. წერეთელი და სხვა), რომლებმაც უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს ქართული კრიტიკული რეალიზმი. 80-იანი წლებიდან თბილისში სხვადსხვა დროს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ვაჟა-ფშაველა, ალ. ყაზბეგი, ნ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, ე. ნინოშვილი, დ. კლდიაშვილი, შ. არაგვისპირელი, ი. ევდოშვილი და სხვა; 1894 წლიდან — პირველი მარქსისტული კულტურულ საზოგადოებრივი ჯგუფის „მესამე დასის“ წევრები.

1917 წელს ქუთაისიდან თბილისში გადმოსახლდნენ ქართული სიმბოლისტური ჯგუფის წევრები — „ცისფერყანწელები“. 1920-იანი წლების დასაწყისში აქ აღმოცენდა „აკადემიური მწერლობის კავშირი“, „ფუტურისტ-ლეფელებისა“ და „პროლეტარული მწერლობის“, ხოლო 1927—1928 — „არიფიონის“ ლიტერატურული დაჯგუფებანი. საქართველოს მწერალთა I და II ყრილობებმა (1926, 1928) საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა მწერლობის ერთიან ბანაკს (მწერალთა კავშირი).

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თბილისში გაიხსნა რამდენიმე სკოლა. 1802 წელს გაიხსნა პირველი საერო ორკლასიანი სკოლა, 1804 — თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, რომელიც 1830 წელს თბილისის პირველ გიმნაზიად გადაკეთდა, 1817 — თბილისის სასულიერო სემინარია და მასთან სასულიერო სასწავლებელი (1818). 1824 — ნერსესის სომხური სასულიერო სემინარია. 1836 — სამაზრო სასწავლებელი და თავად-აზნაურ ოფიცერთა მოსამზადებელი სამხედრო სკოლა. 1842 წელს თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, 1844 — სამხედრო მოსწავლეთა სკოლა თბილისის (კავკასიის) მესანგრეთა ბატალიონთან, 1846 — წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი, 1847 — ვაჟთა სამიჯნაო სკოლა.

XIX საუკუნის 20-40-იან წლებში თბილისში იყო 18 კერძო სკოლა, უმთავრესად ვაჟთა და ქალთა პანსიონების სახით. 1860 „საქველმოქმედო საზოგადოებამ“ თბილისში გახსნა პირველი ქალთა სკოლა ავლაბარში, 1862—1870 წლებში — 10 სკოლა, 1862 წელს — 4 უფასო სკოლა უღარიბესი მშობლების შვილებისათვის და 1866—1870 — კიდევ 5 სკოლა. 60-იან წლებში თბილისში გაიხსნა: ხატიანოვსკის ქალთა პანსიონი (1860), დავით ყიფიანის ვაჟთა პანსიონი (1862), სადაც ასწავლიდნენ გიმნაზიის პროგრამით, ხლამოვის ვაჟთა პანსიონი (1863), ფავრის ქალთა პანსიონი, ბიუს ვაჟთა პანსიონი, ჰაკესა და კანონიჩის ვაჟთა პანსიონი, ჟინიუს ვაჟთა და ქალთა პანსიონი, რომლის ბაზაზე მონასტირცევმა და ტერ-აკოფოვმა გახსნეს კერძო გიმნაზია, სადაც ასწავლიდნენ სახელმწიფო ნახევრად კლასიკური გიმნაზიის პროგრამით; 1864 შარლეს, ხოლო 1867 ფულკის ხელმძღვანელობით გაიხსნა 2 ფრანგული სკოლა. 1865 გაიხსნა თბილისის პირველი რეალური სასწავლებელი, იმავე წელს — თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, 1866 — ალექსანდრე II-ის სახელობის ვაჟთა თბილისის სამასწავლებლო სკოლა.

1879 წელს თბილისში „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების“ (1878) ინიციატივით გაიხსნა „სათავადაზნაური ქართული სკოლა“ პანსიონით, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა (თბილისის ქართული გიმნაზია).

80-იან წლებში საქართველოში ფართოდ გაიშალა პროგრესული საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოძრაობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (დაარსდა 1878) თაოსნობით. ამ საზოგადოებამ 1880 წელს ი. გოგებაშვილის წინადადებით თბილისში გახსნა დაწყებითი სასწავლებელი (მალე დაიხურა). 1881 ქალაქის მმართველობამ თბილისში გახსნა 2 ქართული დაწყებითი სკოლა, სადაც სწავლა უფასო იყო
.

XII SAUKUNE


თბილისში პირველი დაწყებითი ელემენტარული სკოლები შეიქმნა XVIII საუკუნეში ეკლესია-მონასტრებთან (სიონის, კალოუბნის, მეტეხის, ქაშვეთის, ანჩისხატისა და სხვა ეკლესიებთან). 1755 ანტონ I-ის ინიციატივით გაიხსნა თბილისის სემინარია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა განათლებისა და კულტურის განვიტარების ისტორიაში. 1778 წელს თბილისში დაარსდა რუსული ენის შემსწავლელი სკოლა[7]. ეს სკოლები განადგურდა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს.

GANATLEBA


საუკუნეების მანძილზე თბილისი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცენტრი, არამედ ლიტერატურულ-კულტურული საქმიანობის მძლავრი კერაც. თბილისში განვითარდა ქართული სასულიერო მწერლობა და საერო ლიტერატურა, უმაღლეს დონეს მიაღწია ქართულმა სულიერმა კულტურამ. თბილისელ მწერლებს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოში მოღვაწე მწიგნობრებთან, მეცნიერებთან, ენერგიულად იღვწოდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის.

თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას შეიძლება თვალი გავადევნოთ VIII საუკუნიდან, როდესაც აქ მოღვაწეობდა იოანე საბანისძე. განსაკუთრებით გაძლიერდა თბილისის ლიტერატურული ცხოვრება XII საუკუნეში, იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, სარგის თმოგველის, შოთა რუსთაველის მოღვაწეობის ხანაში. მომდევნო პერიოდში დაპყრობის მოძალების შედეგად თბილისის ლიტერატურული ცხოვრება შესუსტდა, მაგრამ XVI—XVII საუკუნეებიდან კვლავ იწყო გამოცოცხლება. XVIII საუკუნეში თბილისში მოღვაწეობდნენ სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ანტონ I, ბესიკი, საიათნოვა და სხვა.

MOSAXLEOBA


თბილისის მოსახლეობა მუდამ მრავალეთნიკუი იყო. ქართველების გევრდით ქალაქში მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთები, სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები. სწორედ ამიტომ თბილისი კავკასიაში ერთადერთი ქალაქი იყო და არის, სადაც მეჩეთს სინაგოგასა და ეკლესიას გვერდი-გვერდ იხილავთ.ამიტომ, სამართლიანადაც, თბილისი კავკასიის ცენტრად და ხანდახან დედაქალაქადაც კი წამოგვიდგებოდა. დღესაც ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 20% ეთნიკურად არაქართველები არიან.


1.  2000_____1097,5

2. 2001_____1088,5

3. 2002_____1081,7

4. 2003_____1079,1

5. 2004_____1078,2

6. 2005_____1079,5

7. 2006_____1103,2

8. 2007_____1101,1

9. 2008_____1106,7

10. 2009____1106,7


მონაცემებში ასახულია თბილისში რეგულარულად მცხოვრებთა რაოდენობა. თუმცა რეალურად ქალაქში დაახლოებით კიდევ 300 ათასი ადამიანით მეტი ცხოვრობს. ძირითადად ესენი არიან, რეგიონებიდან დროებით ჩამოსული, სტუდენტები, მუშები, გლეხები და ა.შ.

RUSETIS ZEGAVLENA


1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი საქართველოს გუბერნიის ცენტრი გახდა, აქვე იყო კავკასიის არმიის მთავარსარდლის სადგომი. 1845 წლიდან თბილისი კავკასიაში რუსეთის მეფინაცვლის რეზიდენციაა. ქალაქის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. დაგეგმარდა მისი ცენტრალური უბნები, იმატა ევროპული ტიპის შენობების რაოდენობამ. სწრაფად განვითარდა ქალაქის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება. სამრეწველო კაპიტალი თანდათან დევნიდა ადგილობრივ შინამრეწველურ წარმოებას. ბატონყმობის გაუქმებამ (1866), თბილის-ფოთის (1872), თბილის-ბათუმისა და თბილის-ბაქოს (1883) რკინიგზის გაყვანამ ახალი ბიძგი მისცა ქალაქის ეკონომიკურ აღმავლობას. გაიზარდა ფაბრიკა-ქარხნებისა და სავაჭრო-სახელოსნოების რიცხვი, საგრძობლად იმატა მუშათა რაოდენობამ. 1819 წელს თბილისში გამოვიდა პირველი პერიოდული გამოცემა — „საქართველოს გაზეთი“, 1828-იდან — „თბილისის უწყებანი“ (ქართულ და რუსულ ენებზე). 1850 წელს აღდგა ქართული თეატრი.

QARTULI RENESANSI


1122 წელს უცხოელთა ბატონობისაგან ქალაქი გაათავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა. გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფო დედაქალაქი ამიერიდან თბილისში გადმოიტანეს და მან სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო. XII—XIII საუკუნეებში თბილისი ეკონომიკურად ძლიერი, დიდი და კეთილმოწყობილი ქალაქი იყო, მისი მოსახლეობა 80 ათასს კაცს აღწევდა. განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა, შეიქმნა ამქრული გაერთიანებები, ვაჭართა საკრედიტო კომპანიები — ორთაღები, ჩამოყალიბდა მოსახლეობის განსაკუთრებული სოციალური კატეგორია — მოქალაქეები. კიდევ უფრო გაიზარდა ქალაქის ფარგლები, ვარაუდობენ, რომ მასში შედიოდა ქაშვეთის ეკლესია და ლურჯი მონასტერი. მის კედლებს გარეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეუბანი იყო დიდუბე. გაიზარდა ქალაქი მტკვრის მარცხენა მხარესაც; ისნის ციხეში იყო სამეფო სასახლე. ამ ეპოქის თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. ქართველი მეფეები ლოიალური პოლიტიკით ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ხალხისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა თანაცხოვრებას, რაც განაპირობებდა ქალაქის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სტაბილიზებას. ამ პერიოდს საქართველოს ისტორიაში "ოქროს ხანას", ან "ქართული რენესანსის" პერიოდს უწოდებენ.[2]

თამარის მეფობის (1184—1213) პირველსავე წლებში თბილისის მოსახლეობის ზედაფენებში თავი იჩინა უფლებათა გაფართოებისაკენ მისწრაფებამ. ამ მიზნით მათ მოითხოვეს ახალი სამეფო საბჭოს (დარბაზის) ე. წ. „კარავის“ დაწესება.

UCXOELTA GAVLENA


ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის მდგრადობა უშუალოდ დაკავშირებული იყო საქართველოს დედაქალაქის ბედთან. 570—580 წლებში ქალაქს სპარსელები ფლობდნენ. 627 წელს თბილისს ალყა შემოარტყა ბიზანტიელი იმპერატორის ჰერაკლე კეისარი და ხაზარების გაერთიანებულმა ლაშქარმა. ქალაქი ვერ აიღეს. ჰერაკლემ მიატოვა თბილისი და შუამდინარეთისკენ დაიძრა. 628 წელს ხაზარები კვლავ მოადგნენ თბილისს ყიბღუ–ხაკანის მეთაურობით, აიღეს ქალაქი და სასტიკად ააოხრეს იგი.735—737 წლებში — არაბმა სარდალმა მარვან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ). ამიერიდან თბილისი ახლად წარმოქმნილი თბილისის საამიროს ცენტრი ხდება. 764 წელს ქალაქი ხაზარებმა დაარბიეს. 853 წელს თბილისში ხალიფას ხელისუფლების განმტკიცების მიზნით დალაშქრა არაბმა სარდალმა ბუღა თურქმა. 1037—1051 წლებში მეფე ბაგრატ IV-მ არაერთხელ სცადა თბილისის დაკავება, მაგრამ ქვეყანაში არსებული არამყარი პოლიტიკური ვითარების გამო ეს შეუძლებელი გახდა.1045 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქის წარჩინებულთა — უხუცესთა საბჭოს ხელში გადავიდა. 1068 წელს თბილისის თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა დალაშქრა და დაიკავა. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან ქალაქს ისევ უხუცესთა საბჭოს მართავდა.

DEDAQALAQI


ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორია), სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთით — თაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ-დასავლეთით კი — წავკისისწყალი. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, შემდგომში ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისი თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისადმი. VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის.

TBILISIS DAARSEBA


არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.

TBILISIS ISTORIA


ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.

TBILISI


თბილისი (1936 წლამდე ტფილისი[1], კოორდ. 41°43′N 44°47′E), საქართველოს დედაქალაქი; 1922—1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 450 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

VIDEOEBI DZVEL TBILISZE




























DZVELI TBILISIS SURATEBI